ვენის კლასიკოსები
ავსტრიაში XVIII ს. მეორე ნახევარში განმანათლებელთა იდეების ზეგავლენით ჩამოყალიბებული მუსიკალური მიმართულება. მისი თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან ფრანც იოზეფ ჰაიდნი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. ვენის კლასიკოსთა შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ცხოვრების ჭეშმარიტი, რეალური ასახვა, სადა, იმავდროულად, ნათელი და გამომსახველი მუსიკალური ენა. მათ შემოქმედებაში დაფიქსირდა სიმფონიური ორკესტრის კლასიკური შემადგენლობა. სრულყოფილი სახე მიიღო საკრავიერმა ჟანრებმა (სონატა, სიმფონია, კვარტეტი).
იოზეფ ჰაიდნი (1732-1809 წწ.) ვენის კლასიკური სკოლის პირველი წარმომადგენელია. მის შემოქმედებაში ცენტრალური ადგილი უკავია სიმფონიის ჟანრს (100-ზე მეტი, უწოდეს „სიმფონიის მამა“) და სიმებიან კვარტეტს (89), მას ეკუთვნის აგრეთვე ორატორიები („წელიწადის დრონი“, „სამყაროს შექმნა“), 24 ოპერა და მრავალი სხვ.
იოზეფ ჰაიდნი (1732-1809 წწ.) ვენის კლასიკური სკოლის პირველი წარმომადგენელია. მის შემოქმედებაში ცენტრალური ადგილი უკავია სიმფონიის ჟანრს (100-ზე მეტი, უწოდეს „სიმფონიის მამა“) და სიმებიან კვარტეტს (89), მას ეკუთვნის აგრეთვე ორატორიები („წელიწადის დრონი“, „სამყაროს შექმნა“), 24 ოპერა და მრავალი სხვ.
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტმა (1756-1791) ნამდვილი გადატრიალება მოახდინა საოპერო ჟანრში. მისი საოპერო ქმნილებები („ფიგაროს ქორწინება“, „დონ ჟუანი“, „ჯადოსნური ფლეიტა“ და სხვ.) გამოირჩევა როგორც იშვიათი მელოდიურობით, ისე დრამატურგიული სრულყოფილებით (უწოდეს „მუსიკის შექსპირი“). მისმა სიმფონიებმა გზა გაუკაფა ბეთჰოვენის შემოქმედებას (განსაკუთრებით, სიმფონია No41 – „იუპიტერი“); შექმნა საკრავიერი კონცერტის კლასიკური ფორმა, გენიალური „რეკვიემი“ და მრავალი სხვ.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770-1827 წწ.) ძირითადად, სიმფონიური მუსიკის სფეროში მოღვაწეობდა. მისი 9 სიმფონიიდან განსაკუთრებით რთული, ღრმა და გრანდიოზულია IX სიმფონია - მსოფლიო სიმფონიური მუსიკის შედევრი. პირველად მუსიკის ისტორიაში, სიმფონიის ფინალში ბეთჰოვენმა გამოიყენა გუნდი. ისტორიული როლი შეასრულა მისმა საკრავიერმა კონცერტებმა, აღსანიშნავია საფორტეპიანო სონატები, რომელთაგან „მთვარის სონატა“, „პათეტიკური“ და „აპასიონატა“ სავიოლინო სონატებთან ერთად ამ ჟანრის მწვერვალს წარმოადგენს, მასვე ეკუთვნის 91 სიმღერა, 70-ზე მეტი გუნდი, ვოკალური ანსამბლები, ოპერა „ფიდელიო“ და მრავალი სხვა.
No comments:
Post a Comment